Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კომბოსტო - კომბოსტოს რამდენიმე სახეობა არსებობს: თეთრი, ყვავილოვანი, ფერადი, ბროკოლი, ბრიუსელის, პეკინის და კოლრაბი.

თითოეულ მათგანს თავისი ნიუანსი ახასიათებს. თუმცაღა აქვთ საერთოც: მაგალითად, ყველა მათგანი უნდა იყოს მკვრივი, წონადი, ახალი ფოთლებით. გამოიჩინეთ სიფრთხილე კომბოსტოს შეძენისას, ვინაიდან სხვა ბოსტნეულისაგან განსხვავებით იგი ყველაზე მეტადაა მიდრეკილი ნიტრატების დაგროვებისაკენ. ამ თვალსაზრისით მას საზამთროც კი ვერ შეედრება.

კომბოსტო, რომელიც მოყვანილია დიდი რაოდენობით სასუქის გამოყენებით, ფოთლები და ღერო შედარებით მსხვილი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს.  თუ ეჭვი გვეპარება მის კეთილხარისხოვნებაში, მოვაშოროთ გარეთა ფოთლები და კობოსტოს შიგნით არსებული გამსხვილებული ღერო, ვინაიდან ნიტრატების დაგროვება მცენარის ამ ნაწილში ხდება.

ჩვეულებრივი თეთრი და ფერადი თავხვეულა კომბოსტოს შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი იყოს შეკრული, მკვრივი და არ ჰქონდეს ნახეთქი. ფოთლები კი,  ნაზი, მთელი, ერთგვაროვანი, ხასხასა შეფერილობის (მოიისფრო, მოშინდისფრო). ღერო არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი.
ბრიუსელის კომბოსტოს შემთხვევაში კი, თავები რაც პატარაა, მით უფრო გემრიელია. დიდი ზომის თავებს, ხშირად სიმწარე ახასიათებთ. პეკინის კომბოსტოს ახალი და მკვრივი ფოთლები უნდა ჰქონდეს.

ყვავილოვან კომბოსტოს აქვს ყვავილედები, რომელთა ზომა არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს ლაქები (ეს გაფუჭების მაჩვენებელია) ყვავილედები მჭიდროდ უნდა იყოს ერთმანეთთან.

ბროკოლი ყვავილოვანი კომბოსტოს ახლო ნათესავია. მის შემთხვევაშიც ყვავილედები უნდა იყოს მკვრივი, მას უნდა ჰქონდეს კარგი მწვანე ფერი, მოყვითალო შეფერილობა ცუდი ნიშანია. ყვავილედების ღერო უნდა იყოს მაგარი, მაგრამ არა უხეში.

კომბოსტო კოლრაბი რაღაცით ძალიან ჰგავს თალგამს. საჭიროა შევიძინოთ მკვრივი და წონადი ნაყოფი.
ნედლზე არანაკლებ პოპულარულია მჟავე კომბოსტო, რაც უფრო ახალია იგი, უკეთესად მჟავდება და ინარჩუნებს ვიტამინებს. ყველაზე სასარგებლოა უმარილოდ დამჟავებული კომბოსტო, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან ცოტა ხანს ინახება.

დამჟავების დროს, რაც უფრო მსხვილად დავჭრით კომბოსტოს, მით უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნდება. მისი დამჟავება უკეთესია მოხდეს ბუნებრივი გზით და არა მჟავე ნივთიერებათა დამატებით (მაგ: ძმრის ესენცია, ძმარი, ლიმონმჟავა და ა.შ.) ბუნებრივად დამჟავებული კომბოსტო ღია ყვითელ შეფერილობას იღებს. თუ თქვენ გადაწყვიტეთ თავად დაამჟავოთ კომბოსტო, ამისათვის შეარჩიეთ გვიან შემოდგომაზე შემოსული ბოსტნეულის მაგარი თავები.

კომბოსტო კარგად ინახება სარდაფში. იგი მშრალი უნდა იყოს და მიწა არ უნდა ჰქონდეს.  შესაძლებელია მისი შენახვა სხვა გრილ ადგილზეც. შესანახი კომბოსტო არ უნდა იყოს კონტეინერებსა და პაკეტებში. ამ უკანასკნელმა  შესაძლებელია ლპობა გამოიწვიოს. თუ შესანახ კომბოსტოს მოათავსებთ ყუთებში, ჩაუფინეთ დაჩხვლეტილი პოლიეთილენის პაკეტი, რადგან ადვილად მოხდეს ვინტილაცია. ასევე შესაძლებელია სტელაჟებსა და თაროებზე განთავსება ისეთნაირად, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შენახვის ტემპერატურა 0◦c - ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. დრო და დრო არ დაგავიწყდეთ თავებს შემოაცალოთ გაფუჭებული ფოთლები.

ასევე კარგად ინახება კომბოსტო ოდნავ ნესტიან სილაში. მაცივარში შეგვიძლია შევინახოთ თავისივე ფოთლებში შეხვეული.

საერთოდ თავხვეულა თეთრი და ფერადი კომბოსტო ნახევარ წელიწადს ინახება, ხოლო მისი სხვა ჯიშები, დაახლოებით ორი კვირა. სხვადასხვა ჯიშის კომბოსტოს ერთად შენახვა არ არის რეკომენდირებული, რადგან მათ სხვადასხვა შენახვის ვადა აქვთ.