Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

სტაფილო - სტაფილოს შეძენისას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა მის ვიზუალურ მხარეს, რაც უფრო ლამაზია პროდუქტი, მით უფრო სასარგებლოა. სტაფილოს ლამაზი შეფერილობა მიგვანიშნებს მასში სასარგებლო ნივთიერების კაროტინის არსებობაზე. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობითაა აგრეთვე გოგრისებრთა ოჯახის ბოსტნეულში (გოგრა, ნესვი)
იდეალურად ითვლება სტაფილო, თუ იგი სწორი, მაგარი, გლუვია და ბოლო მომრგვალებული აქვს.

მისი სიახლე შეგვიძლია განვსაზღვროთ ყუნწის შეფერილობით. მისი მწვანე ფერი ამის დასტურია.
ძალიან დიდი ზომის ნაყოფი არ გამოირჩევა კარგი გემოვნებით. ცნობისათვის, მუქი შეფერილობის სტაფილო მოკლე „კუდით“ როგორც წესი, უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ღია ფერის და გრძელ „კუდიანი“. ნიტრატები სტაფილოს გულში გროვდება. ამიტომ , თუ მას გავჭრით ან გავტეხავთ, მისი გული ძალიან არ უნდა განსხვავდებოდეს მისი დანარჩენი ნაწილისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასში სასუქი გადამეტებითაა გამოყენებული.

სტაფილოს შენახვისას გაითვალისწინეთ, რომ მას შეუნარჩუნდეს სინესტე. ამაში დაგეხმარებათ ის გარემოება, თუ მას შენახვამდე მწვანე ნაწილს მოაშორებთ. თუ მის შენახვას დიდი ხნით აპირებთ, უმჯობესია არ გარეცხოთ, ხოლო თუ ნაყიდი გაქვთ გარეცხილი ბოსტნეული, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიყენოთ. მისი შენახვის ტემპერატურა ნულზე ოდნავ მეტია, უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი ზრდას იწყებს და მალე ფუჭდება.

სახლის პირობებში სტაფილო კარგად ინახება მაცივარში. საჭიროა იგი მოვათავსოთ პოლიეთილენის პაკეტში (ტენის შესანარჩუნებლად), რომელსაც რამოდენიმე ნახვრეტი ექნება, ზედმეტი ნახშირმჟავა გაზის გამოსასვლელად.

სტაფილო კარგად ინახება სველ ქვიშასა და თიხაში. ყუთში ფენებად აწყობენ მას და ოდნავ სველი ქვიშით ფარავენ. თიხის გამოყენების შემთხვევაში კი, სათითაოდ უნდა დაიფაროს.