Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

წიწაკა ორი სახეობის არსებობს: პირველი - ტკბილი წიწაკა, რომელიც გამოიყენება როგორც ბოსტნეული სალათებში და სხვადასხვა კერძებში, ხოლო მწარე წიწაკა, როგორც საკაზმი (პაპრიკა, ჩილი და სხვა).

ტკბილი წიწაკა ჩვენთვის ცნობილია, ბულგარული წიწაკის სახელწოდებით. გთავაზობთ, თუ როგორ უნდა შევიძინოთ ხარისხნიანი ბოსტნეული და შევინახოთ რაც შეიძლება დიდხანს.

შეძენისას მივაქციოთ ყურადღება გარეგნულ იერსახეს. ნაყოფი უნდა იყოს ახალი, მთლიანი ყუნწით,  მის შეფერილობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. (იგი შეიძლება მერყეობდეს თითქმის თეთრიდან - მუქ მწვანემდე, ღია წითლიდან- მუქ წითლამდე, სტაფილოსფერი, ყვითელი, იისფერი) ნაყოფი უნდა იყოს სუფთა და გლუვი ზედაპირით - დაუშვებელია მასზე ლაქების, ნახეთქების, ნაოჭების არსებობა.

მიაქციეთ ყურადღება ყუნწის ბოლოს. მას არ უნდა ჰქონდეს სისველე და რაიმე დეფექტი. ეს შეიძლება მიმანიშნებელი იყოს იმისა, რომ ნაყოფს დაწყებული აქვს ლპობა.

წიწაკის ფორმა სხვადასხვაგვარია: სფეროსებრი, ცილინდრული, კონუსის მაგვარი. შეხებისას უნდა იყოს მკვრივი, ხორციანი, მძიმე და მოტკბო გემოსი, დასაშვებია ოდნავ სიმწარეც.გოგოშარის სახეობის წიწაკა მრგვალია, ოდნავ შეჭყლეტილი  ზევიდან - ქვემოთ. გვერდებზე კარგად გამოხატული წილებით, ხორციანი, ოდნავ მწარე. გამოიყენება ფარშირებული კერძების დასამზადებლად.

წიწაკა მალფუჭებადი პროდუქტია. იგი ადვილად შრება და ლპება. შეიძლება შევიძინოთ დაუმწიფებელიც, რომელიც სახლის პირობებში ადვილად დამწიფდება.
გირჩევთ არ შეინახოთ წიწაკა ოთახის ტეპერატურაზე. იგი ადვილად მოჭკნება, რადგან ძალიან მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. უკეთესია შევინახოთ მაცივარში ღია სახით, ან დაჩხვლეტილ პოლიეთილენის პაკეტში.

0-2 ◦c ტემპერატურაზე  90-95 %  ტენიანობის პირობებში  წითელი ბულგარული წიწაკის შენახვა შეიძლება ერთ თვემდე. მწვანე წიწაკისთვის -  9-11 ◦c  ტემპერატურა   და  85-90 %  ტენიანობაა საჭირო.

თუ ბულგარული წიწაკის შენახვა ერთ თვეზე მეტ ხანს გვინდა, უკეთესია გამოვიყენოთ წითელი ბულგარული წიწაკა გვიან შემოდგომაზე მოყვანილი. თერმული დამუშავების დროს ბულგარულ წიწაკაში ვიტამინების რაოდენობა ორჯერ მცირდება, მაგრამ მისი კონსერვირება შენახვის მიზნით ძალზედ პოპულარულია. გაყინვის დროს კვებით ღირებულებას, გემოვნურ თვისებებს და ვიტამინებს უკეთესად ინარჩუნებს და -18◦c მისი შენახვა ექვს თვემდეა შესაძლებელი. გაყინვამდე აუცილებელია ნაყოფს მოვაშოროთ ყუნწი და თესლი.

კულინარიაში ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელია. იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას:  მაგალითად,  დიდი რაოდენობით C ვიტამინს, იმაზე მეტს,  ვიდრე ლიმონი,  მოცხარი და სტაფილოზე მეტ ვიტამინ A-ს. ის შეგვიძლია მივირთვათ როგორც ბოსტნეულთან, ასევე ხორციან კერძებთან.

ვისაც საჭმლის მონელების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უკეთესია თერმულად დამუშავებული წიწაკის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული აქვს ნაწილი სასარგებლო ნივთიერებებისა.