Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კიბოსნაირები - დელიკატესებს მიეკუთვნება, ვინაიდან მათ ბაკანსა და მარწუხებს ქვემოთ მეტად ფასეული და ძალიან გემრიელი ხორცია მოთავსებული. მათი ხორცი უნიკალურია, როგორც გემოვნებით, ასევე სასარგებლო თვისებებით და კარგად ეხამება ნებისმიერ სასმელსა და სხვა საკვებ პროდუქტებს. მათი ხორცი შეიცავს ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და ცხიმების მინიმალურ რაოდენობას. კიბოსნაირებს მიეკუთვნება კიბორჩხალა, კრევეტები, მდინარის კიბო, ლანგუსტი, ომარი ანუ ლობსტერი. ყიდვის დროს აუცილებელია ვიცოდეთ როგორ განვსაზღვროთ მათი ხარისხი და ისე გავაკეთოთ ჩვენი შენაძენი. კიბოსნაირების შეძენისას უნდა ამოვარჩიოთ დიდი ზომის ეგზემპლარები, თუმცა ყოველთვის არ შეგვიძლია ამ წესით ვისარგებლოთ, რადგანაც ყველაზე გემრიელი და ფასეული - ატლანტიური (ნორვეგიული) - ომარი ბუნებაში 22 სმ-ზე მეტი ზომის არ გვხვდება. რაც შეეხება კრევეტებს, მაგალითად სამეფო კრევეტები ძირითადად ხელოვნურადაა გამოზრდილი და არ არის გამორიცხული მათი ზომაში მომატების მიზნით გამოყენებული იყოს მავნე ქიმიკატები, ზრდის ჰორმონები და ანტიბიოტიკები. მნიშვნელოვანია კიბოსნაირებს ჰქონდეთ გრძელი, ხორციანი კუდი. მოკლე კუდიან კიბოსნაირებს, ხორცი ძირითადად მარწუხებში აქვთ მოთავსებული. ლანგუსტებს, ომარისაგან განსხვავებით მარწუხები არ გააჩნიათ.

ლანგუსტინებს კი მარწუხები აქვთ, მაგრამ ხორცის გარეშე. კრევეტების შეძენისას, გაითვალისწინეთ, რომ ცივი წყლების (ატლანტიური) კრევეტები დიდი ზომის არ არის და გარეგნობა ზოგადად მიმზიდველი არა აქვს, ხოლო თბილი წყლების (ვეფხვისებური, სამეფო, ჯამბო) უფრო დიდი ზომებისა და კარგი გარეგნობით ხასიათდება. რაც შეეზება კიბორჩხალასა და მდინარის კიბოს, ისინი ხელოვნური გზით გამოზრდილები არ არიან, ვინაიდან ეს საკმაოდ რთული და არამომგებიანი პროცესია. მათი არსებობა მდინარესა და წყალსაცავში, წყლის სისუფთავეზე მიგვითითებს.

კიბოსნაირების თავის ფერი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს. შავი ფერი-ავადმყოფობის ნიშანია, მწვანე-პლანქტონის რითაც იგი იკვებება,ყავისფერი კი გვიჩვენებს,რომ იგი ქვირითიანია. ყველაზე სასარგებლო და გემრიელი კიბოსნაირები მაშინ არიან, როცა ისინი ახლადდაჭერილია. კიბოების ჭერის სეზონი მოდის მაისი-აგვისტოს თვეებზე. ამ პერიოდში მათი ხორცი ყველაზე უფრო გემრიელია. იგივე შეიძლება ითქვას კრევეტებზეც. ლანგუსტები და ომარები კი, ყველაზე საუკეთესო ხარისხის - შემოდგომითაა. კიბორჩხალებისთვის ეს საუკეთესო სეზონი ზამთარია. კიბოსნაირების ბაკანზე თეთრი ფერის ქსელი იმას მიანიშნებს , რომ იგი ძალიან ბებერია. ამ ტიპის ზღვის პროდუქტი, უნდა შეიძინოთ აუცილებლად, სანდო სარეალიზაციო ობიექტებში.

ამ ტიპის პროდუქტი ხშირად გაყინულ მდგომარეობაში იყიდება. ამ შემთხვევაში ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შეფერილობა იყოს თანაბარი, პრიალა, ჯავშანზე ლაქების გარეშე. მოღუნული კუდი კარგი ნიშანია. ე.ი. გაყინვა ნიშნავს, რომ გაყინვის დროს ისინი ცოცხლები იყვნენ. გაყინულ პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობით ყინული და არ უნდა იყვნენ ერთმანეთზე მიწებებული.

ახალი კიბოსნაირები, მაცივარში მხოლოდ სამი დღე ინახება. მოხარშული კი, ერთი დღე და ღამე. გაყინულ მდგომარეობაში -18 გრადუს ცელსიუსზე ისინი 6 თვე ძლებენ. გაყინული პროდუქტი მომზადებამდე აუცილებელია გავადნოთ ნელა, მაცივრის კამერაში, ან ჰაერზე.