Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მოლუსკები (რბილტანიანები) - წარმოადგენს უმარტივეს უხერხემლო ცხოველებს, რომელთა ხორცი დაბალ- კალორიული და ძალზედ სასარგებლო პროდუქტია (იგი მდიდარია რკინით, მარგანეცით, ფოსფორით, ვიტამინი B12 და ა.შ.) მათ მიეკუთვნება კალმარები, მიდიები, ლოკოკინა, ზღვის ყურები, რვაფეხები, ხამანცკები და ა. შ. ყველაზე ხშირად ისინი გაყინულ და დაკონსერვებულ მდგომარეობაში იყიდება. უმჯობესია, უპირატესობა მივანიჭოთ გაყინულ პროდუქტს, ვინაიდან მას უკეთესად აქვს შენარჩუნებული ხარისხი და ყველა სასარგებლო თვისება.

ყველა მოლუსკს თავისი სახეობისათვის დამახასიათებელი ფერი აქვს. ზოგადად, თეთრი, ოდნავ მოვარდისფერო ელფერით. თუ ისინი შეფუთვაში ერთმანეთზეა მიწებებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მეორედ არის გაყინული. ამგვარ პროდუქტს გემოც მომწარო აქვს. თუ არის საშუალება, დავყნოსოთ მას. სუნი არ უნდა იყოს არასასიამოვნო, გაფუჭებული კონსერვის მსგავსი.

საერთოდ ეტიკეტზე აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მისი დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. გვახსოვდეს , არ შევიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც დაზიანებული აქვს ეტიკეტი. საერთოდ მოლუკსები, რომლებიც მოპოვებული არიან წლის ცივ პერიოდში, გამოირჩევა, უფრო კარგი ხარისხით, გემრიელია და ნაზი. ბუნებაში მოლუსკები წყალსაცავებს ასუფთავებენ დაბინძურებისაგან. განსაკუთრებით ეს ეხება ორსაგდულიანებს (ნიჟარიანებს). ამის გათვალისწინებით მათი მოპოვება ან ხელოვნურად გამოზრდა, მხოლოდ სუფთა წყალსაცავებშია რეკომენდირებული.

რამდენად დაბინძურებულია მოლუსკები ქიმიკატებით და სხვადასხვა ნივთიერებებით, ამის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგადაა შესაძლებელი, ამიტომ ზომიერი უნდა ვიყოთ მათი მოხმარების დროს. დიეტოლოგები გვირჩევენ, იმ შემთხვევაშიც კი ზომიერება გამოვიჩინოთ, თუ ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილზეა მოპოვებული. მიდიებსა და ხამანცკებს (ორსაგდულიანები) უნდა ჰქონდეთ მთლიანი ნიჟარა. გამოუსადეგარია ის ნიჟარები, რომლებიც ღიაა ან ნაპრალი გააჩნიათ. ხელით შერხევისას არ უნდა ინჯღრეოდეს.

მოლუსკები ყველაზე უკეთესად საყინულეში ინახება არაუმეტეს მინუს 18 გრადუს ცელსიუსისა. დაცული უნდა იყოს აგრეთვე სანიტარული წესები და ნორმები. ასეთ პირობებში მათი შენახვის მაქსიმალური ვადა 3 თვეა, ხოლო დაკონსერვებული, ერთ წლამდე მეტ ხანს ინახება.