Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

შებოლილი თევზი - თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ, დაინტერესდით რა წესით იქნა იგი შებოლილი, ცივად თუ ცხლად. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს მომზადების დროში და მარილის შემცველობაში. თუ თევზი უფრო მარილიანია, უკეთესად გამომშრალი და მკვრივი, იგი ცივად შებოლილია. ცხლად შებოლვა გაცილებით ჩქარა მიმდინარეობს, და ასეთი წესით შებოლილი თევზი უფრო რბილი, ნაზი, არომატული და ნაკლებ მარილიანია. ზოგიერთი სახეობის თევზისათვის ცივად შებოლვა იძლევა საუკეთესო შედეგს, გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით და რაც მთავარია, უფრო უკეთესად ინახება.

არსებობს ხელოვნური შებოლვაც. ბევრი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი, შესაბოლად იყენებს ძველ თევზს, რომლის რეალიზაცია ნედლ მდგომარეობაში შეუძლებელია. ამ ტიპის ნედლეულის შესაბოლად იყენებენ ე. წ. „ხელოვნურ შებოლვას“ ამ დროს გამოიყენება თხევადი ბოლი, ანუ ბოლის ესენცია და სხვადასხვა საღებავები.

აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და თევზის ზედაპირი გაწმინდეთ. თუ ქაღალდზე შეფერილობა დარჩა, ეს შეღებვის მიმანიშნებელია. საერთოდ შებოლილი პროდუქტი ძალიან კაშკაშა და ოქროსფერი არ უნდა იყოს. ბოლის ესენცია პროდუქტს ძალზედ მკვეთრ სუნს აძლევს, ვიდრე ბუნებრივად შებოლვა. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურ და ბუნებრივ მეთოდს კომბინირებულად იყენებენ.

არასრულფასოვანი ნატურალური შებოლვა და შემდგომ ხელოვნურად ქიმიკატებით დამუშავება არის მაქინაცია პროდუქტის გარეგნული იერ-სახის გასაუმჯობესებლად. თუ პროდუქტს ყიდულობთ შეფუთვაში, გულდასმით წაიკითხეთ ეტიკეტი. კონსერვანტებისა და ქიმიკატების დიდი რაოდენობით შემცველობა მიმანიშნებელია, რომ გამოყენებული იქნა ხელოვნური შებოლვა. ხარისხიანი პროდუქტის შემთხვევაში, ეტიკეტზე მხოლოდ მარილისა და სუნელების შემცველობაა. თვითონ შეფუთვა ჰერმეტული ტენისა და ყოველგვარი დაზიანების გარეშე უნდა იყოს.

შებოლილი თევზი სასურველია თავიანი იყოს. ვინაიდან თევზის გაფუჭება ყოველთვის თავიდან იწყება და მწარმოებელი ამის გამო აცილებს მას. ზედაპირი კეთილხარისხოვან შებოლილ თევზს, ერთგვაროვანი, მოჩალისფრო, მოყვითალო ფერის აქვს, ოდნავ პრიალა. თუ მის ზედაპირზე შეფერილობა არაერთგვაროვანია, სავარაუდოა, რომ შებოლვა არათანაბრად წარიმართა და შესაძლებელია სხეულის ზოგიერთი ნაწილი დარჩა ნედლი. შებოლილი თევზის ხორცის კონსისტენცია თუ ფაშარია, ეს მიგვანიშნებს, რომ გამოყენებული იყო უხარისხო ნედლეული, ან დარღვეულია წარმოების ტექნოლოგია.

ხარისხიან პროდუქტს კი კუნთოვანი ქსოვილი მკვრივი და სტრუქტურირებული აქვს. მიაქციეთ ყურადღება არ ფიქსირდებოდეს პროდუქტზე ობი, ასეთ შემთხვევაში გირჩევთ თავის შეკავებას მოხმარებისაგან. თუ შებოლილ თევზს მისთვის დამახასიათებელი არომატი არა აქვს, იგი ძველია. გემო აუცილებლად მარილიანი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან დამარილება აუცილებელი პროცედურაა, რომელიც შებოლვის წინ უნდა ჩატარდეს. შებოლილი თევზი მაცივარში უნდა შევინახოთ ქაღალდში, ან ფოლგაში შეხვეული. ამ პირობებში ცხლად შებოლილი თევზი ხუთი დღე ინახება. თუ იგი ვაკუუმშეფუთვაშია, უფრო მეტ ხანსაც. ასევე შეგვიძლია გავუხანგრძლივოთ შენახვის ვადა თუ გავყინავთ. ცივად შებოლილი თევზი, უფრო დიდხანს ინახება, სამ თვემდე თუ ოპტიმალურ ტემპერატურაზე და ვაკუუმშია მოთავსებული.