Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ცოცხალი თევზი - თვითონ სახელწოდება „ცოცხალი თევზი“ მიგვანიშნებს მთავარზე, მივაქციოთ ყურადღება მის სიახლეს. იგი უნდა იყოს ყველა მონაცემებით - სუნით, გარეგნული იერით, გამოშვების თარიღით ახალი. არსებობს სიახლის დადგენის მრავალი მეთოდი. თუმცა გამორიცხული არ არის მომხმარებლის მოტყუებაც, როდესაც გალღობილ თევზს გვთავაზობენ როგორც ახალს. თევზის სიახლის დადგენისას საყურადღებოა მისი ქერცლი, მუცელი, თავი( თვალები და ლაყუჩები) და მისი კუნთები. ქერცლები მჭიდროდ უნდა იყოს განლაგებული კანზე. იგი გლუვი და ზომიერად პრიალაა. (ზოგჯერ არ არის გამორიცხული არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა ამისათვის კვერცხის ცილა გამოიყენოს) თევზის კანზე რაიმე ლაქის არსებობა დაავადების დამადასტურებელია (მაგალითად წითურა). მუცელი არ უნდა იყოს გაბერილი. თევზის ხორცს უნდა ჰქონდეს კარგი შეხედულება.

დაუშვებელია მოყვითალო ელფერი. თუ თევზი უთაოდ იყიდება, ამ ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს, ვინაიდან, მისი სიახლის შესახებ ძირითად ინფორმაციას სწორედ თავი გვაწვდის. ახალ თევზს თვალები გამჭვირვალე და ოდნავ ამობურცული აქვს. შესაბამისად ამღვრეული ჩაცვენილი, გამომშრალი და დანაოჭებული თვალები სიძველის მაჩვენებელია. დაუთვალიერეთ თევზს ლაყუჩები. სწორედ სხეულის ეს ნაწილი უფუჭდება პირველ რიგში ახალ თევზს.

სიახლის მაჩვენებელია დახურული ღია წითელი ან ვარდისფერი ლაყუჩი ლორწოსა და ნაფიფქის გარეშე. იგი არ უნდა იყოს მოყავისფრო-მოყვითალო ფერის. საყურადღებოა თევზის სუნი. ზღვის თევზს აქვს ზღვისა და იოდის სუნი და არა ჭაობის. ამიაკის (ნიშადურის) ან სხვა რაიმე მძაფრი „არომატი“ არაკეთილ-ხარისხოვნების მაჩვენებელია. საერთოდ სუნი ყველაზე მეტად იგრძნობა ლაყუჩებთან. არსებობს უნივერსალური ტესტი თევზის სიახლის დასადგენად - უბრალოდ ჩააგდეთ იგი წყლიან ჭურჭელში თუ ჩაიძირა, იგი ახალია. თუ ზედაპირზე დარჩა, მაშინ გაფუჭებულია.

თუ ხელთ გვაქვს ლაკმუსის ქაღალდი (ინდიკატორი), შეგვიძლია გავსინჯოთ თევზის მჟავიანობა. გავსეროთ სხეულის მცირე მონაკვეთი, მოუჭიროთ ხელი, გამოვადინოთ მცირე რაოდენობის სითხე, დავადოთ ზედ ინდიკატორი: მჟავე რეაქცია კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია, ხოლო ტუტე რეაქცია სიძველის. თევზს, რომელიც გაყინული არასოდეს ყოფილა, აქვს გლუვი, ტანთან და ქერცლთან მჭიდროდ მიკრული კანი, მოცისფრო, გამჭვირვალე ლორწო, რომელიც თანაბარ თხელ ფენად აკრავს კანს, მაგრამ წებოვანი არ უნდა იყოს. ჩვენ ავღნიშნეთ ზემოთ, რომ ლაყუჩებს ლორწო არ უნდა ჰქონდეს.

ზოგჯერ გამღვალ თევზს ძალიან ღირსეული იერსახე აქვს. თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ გაყინვისას მან ბევრი სასარგებლო თვისება დაკარგა. მეორეს მხრივ, ხშირად, უფრო უსაფრთხოა, გაყინული თევზი, ვიდრე ცოცხალი. სიახლე თევზისთვის ერთადერთი ხარისხის მაჩვენებელი არ არის. სიახლესთან ერთად, აუცილებელია იგი იყოს ნატურალური, ანუ ქიმიკატებისა და მავნე ნივთიერების გარეშე. ასეთი სახის თევზი, მხოლოდ მისთვის ბუნებრივ პირობებში ან თევზსაშენში სწორადაა გამოყვანილი ნატურალური საკვების გამოყენებით.

საკვები ხშირად შეიცავს საღებავებს, ზრდის სტიმულატორებს, ანტიბიოტიკებს, ესენი კი ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნატურალურ თევზის ხორცი, ოდნავ ღია ფერისაა, ვიდრე შეღებილი. ფარფლები, კი კარგად განვითარებული. მისი განუვითარებლობა მიგვანიშნებს, რომ თევზი გამოზრდილია მისთვის არანორმალურ პირობებში. ხშირად თევზის ფილე შეღებილი იყიდება, რომ უფრო მიმზიდველი იყოს. დაუკვირდეთ მის ძარღვებს, ნატურალურ თევზს, თეთრი ფერის ძარღვები აქვს.

ჩვენს მარკეტებში მომრავლდა ცოცხალი თევზი, რომელიც პირდაპირ აკვარიუმიდან შეგვიძლია შევიძინოთ. ჯანმრთელი თევზი ზურგით ზემოთ ცურავს, ავადმყოფი გვერდულად, ან მუცლით ზემოთ. აკვარიუმში თევზი შეიძლება სოკოვანი დაავადებით იყოს დაავადებული. ასეთი თევზი დაფარულია თეთრი ფერის ან ოდნავ მუქი ნაფიფქით. ცოცხალი თევზი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ, სხვა საკვები პროდუქტებისაგან განცალკევებით, 0 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

დანაწევრებული თევზი, სახლის პირობებში 10 დღე ინახება, დაუნაწევრებელი სამი დღე. თევზი მაცივარში მოთავსებამდე უნდა გავანთავისუფლოთ შინაგანი ორგანოებისგან. მოვაშოროთ ლაყუჩები, მაგრამ, არ გავრეცხოთ, გავამშრალოთ, გავახვიოთ თეთრ ქაღალდში, რომელიც გაჟღენთილია სუფრის მარილის ხსნარით. თევზს შევუნარჩუნოთ ქერცლები, რომელიც შენახვაში უწყობს ხელს. თუ არ გაქვთ მაცივარი, გამოვიყენოთ ხალხური საშუალებები: თევზს წაუსვათ ძმარი და შევახვიოთ ჭინჭრის ფოთლებში. ლაყუჩების ადგილას ჩაუდოთ არაყში დასველებული პური. ამის მიუხედავად, რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიყენოთ საკვებად. გაფუჭებულ თევზს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან სერიოზული მოწამვლა.