Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხიზილალა - ეს ძვირადღირებული პროდუქტი ბევრისთვის მხოლოდ სადღესასწაულო, სამაგიდო პროდუქტად მიიჩნევა. ვინაიდან დღესდღეობით იგი ფუფუნებაა.
იგი იმ საკვებ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ექვემდებარება ფალსიფიცირებას. ზოგჯერ ეს იმდენად წარმატებულად ხდება, რომ ძალიან ძნელია მისი დადგენა. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაში. ხარისხიან და კარგ ხიზილალას აქვს ერთგვაროვანი შეფერილობა, არის ნაკლებ მარილიანი და მარცვლები მთელი აქვს. დამსკდარი და ერთმანეთთან შეწებებული უგარსო, გამომშრალი მარცვლები მისი უხარისხობის მაჩვენებელია. სუნი ხიზილალას უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და არა მომჟავო.
იმის მიუხედავად, რომ ხიზილალა არის დამარილებული პროდუქტი და შეიცავს ამასთანავე კონსერვანტებს, იგი მაინც ფუჭებადია. ამის მიზეზია, ის რომ, იგი შეიძლება განიცდიდეს დუღილს, ჰქონდეს ობი ან დაბინძურებული იყოს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით. ამ მხრივ, ყველაზე მეტად საფრთხილოა ასაწონი პროდუქტი.

ამ ტიპის პროდუქტი უფრო ხშირად დამზადებულია კუსტარულად ყოველგვარი ხარისხის კონტროლის გარეშე. ამის გარდა, შესაძლებელია გამყიდველმა არ იცოდეს როგორ უნდა დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, მსგავსი ტიპის პროდუქტთან მუშაობისას. თუმცა გარკვეული პლიუსი მასაც აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავყნოსოთ, გემო გაუსინჯოთ და ხელითაც შევეხოთ, რასაც ვერ მოვახერხებთ დაფასოებული პროდუქტის შემთხვევაში. აქ მთლიანად უნდა ვენდოთ მწარმოებლის მიერ ტარაზე განთავსებულ ეტიკეტს, სადაც უნდა იყოს მითითებული მისი დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შემადგენლობა, მწარმოებელი ქვეყანა და ა. შ.

ეტიკეტზე დატანილი ციფრები უნდა იყოს ამობურცული, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქილა ქარხნულადაა დამზადებული. საერთოდ ეტიკეტი ტარაზე აკურატულად უნდა იყოს მიწებებული. ქილის თავსახური არ უნდა იყოს ამობერილი. სასურველია ეს პროდუქტი შუშის ქილაში შევიძინოთ. გამჭვირვალე ტარა ქიმიურად ნეიტრალურია, მასში არ მიმდინარეობს ჟანგვითი პროცესები და შეგვიძლია შევხედოთ როგორ მდგომარეობაშია პროდუქტი. თუ ხიზილალის ქილაში სითხე (წვენი) არის დიდი რაოდენობით, ეს დაბალი ხარისხის მაჩვენებელია. ქილა უნდა შევანჯღრიოთ, თუ იგი ხმას გამოსცემს, შიგნით ან ზედმეტი სითხე ან სიცარიელეა. თუ სითხე შენჯღრევისას ქაფს იკეთებს, ეს იმის სიგნალია, რომ ხიზილალას გაფუჭება აქვს დაწყებული. ზოგადად ზედმეტი სითხე წონას მატებს პროდუქტს და ჩვენ ხიზილალის ნაცვლად, ფულს ვიხდით არარსებულ პროდუქტში. წონის მატებას ხშირად იწვევს პოლიფოსფატების გამოყენებაც. ისევე როგორც გაყინული თევზის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ხიზილალის მარცვლები ძლიერ გაბერილია და დაბურული ელფერი აქვს.

ფალსიფიკაციის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, როდესაც დაბალი ხარისხის ხიზილალას გვთავაზობენ, როგორც სხვა სახეობის თევზისგან წარმოებულ ხიზილალას. ან შერეულია სხვადასხვა ხარისხის პროდუქტი ერთმანეთში. რათქმაუნდა მომხმარებელმა ყოველთვის არ იცის, თუ რომელი სახეობის თევზი, რა ტიპის ხიზილალას იძლევა. მაგრამ აუცილებელია ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული რომელი სახეობის თევზისგან არის იგი დამზადებული და რა სახის გადამუშავება გაიარა პროდუქტმა. ამის მიხედვით გვაქვს მისი სხვადასხვა სახეობა. მაგალითად, მარცვლოვანი.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ შავი ხიზილალა ძირითადად მზადდება ზუთხისებრთა ოჯახის თევზებისაგან. (ზუთხი, სვია და ა. შ.) წითელი ხიზილალა - ორაგულისებრთა ოჯახის თევზებისგან(კეტა, ორაგული, ნერკა და ა. შ.) ვარდისფერი ხიზილალა - (სიგა, მინტაი და ა. შ.) ყვითელი ხიზილალა- (კეფალის, ქარიყლაპიას, ტარანის და ა.შ.)
ხიზილალა შავია, თუ მისი ფერი ღია ნაცრისფერიდან შავამდე მერყეობს. ფერი რაც უფრო ღიაა, მით უფრო მომწიფებულია იგი და უფრო გემრიელია. ყველაზე ღია ფერისა და მსხვილმარცვლოვანი არის სვიის ხიზილალა. ამ ტიპის პროდუქტს შეიძლება გაუჩნდეს შლამის სუნი და გემო. ეს უკანასკნელი დეფექტად ითვლება. საუკეთესო წითელი ხიზილალა ორაგულისა და კეტასგან იწარმოება. მათი მარცვლები უფრო მსხვილია, ვიდრე ზუთხისებრთა თევზების, მაგრამ მათგან განსხვავებით წითელი ხიზილალის ღირსებად ითვლება წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა. ხოლო დეფექტად შეიძლება ჩაითვალოს მომწარო გემო.

ხელოვნური ხიზილალა მზადდება, ჟელატინის და წყალმცენარეებისაგან. იგი გამოირჩევა ძლიერი სიმკვირვით და თუ დაუკვირდებით, მარცვლებს ბირთვი არა აქვთ. მისი მარცვალი მდუღარე წყალში იხსნება.
ხიზილალას ხშირად აქვს კვებითი დანამატები, მათგან მაგალითად, E-200, E-211 შედარებით უსაფრთხოა, ხოლო კვებითი დანამატი E-239 - ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. (ტოქსიური კონსერვანტი უროტროპინი) თითოეული მათგანის შემცველობა პროდუქტში 0, 1% არ უნდა აჭარბებდეს. თუ ხიზილალა შეიცავს გემოს გასაუმჯობესებელ დანამატსა და საღებავს, ორმაგი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ასეთ პროდუქტს. ეს ძირითადად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მწარმოებელი ცდილობს გადაფაროს პროდუქტის დეფექტი. ხშირად, გამოყენებულია ნედლეულად არა ახალი თევზი, არამედ გაყინული. ამას ადვილად გავარკვევთ, თუ შევხედავთ პროდუქტის დამზადების თარიღს. იგი უნდა ემთხვეოდეს თევზის ქვირითობის პერიოდს ივლისიდან - სექტემბრამდე.

ხიზილალას ხარისხზე გავლენას ახდენს მისი დამარილების წესი. ხარისხიანი პროდუქტის დამარილება ხდება მას შემდეგ, როდესაც ქვირითს გარსისაგან განაცალკევებენ. თუ პროდუქტის დამარილება გარსიანად ხდება, ეს აქვეითებს მის ხარისხს.
ხიზილალა მალფუჭებად საკვებ პროდუქტს მიეკუთვნება. კატეგორიულად არ შეიძლება ამ პროდუქტის გაყინვა. მისი იდეალური შენახვის პირობებია, 2- 6 გრადუსი ცელსიუსი. თავდახურული პროდუქტი ამ პირობებში ერთი წელი ინახება. თუ გახსნის შემდეგ კიდევ დაგვრჩა იგი, სასურველია მას თხელ ფენად მცენარეული ზეთი დავასხათ და იგივე პირობებში, თავდახურულ მდგომარეობაში კიდევ ერთი კვირა შევინახოთ.