Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

იოგურტი - ერთ - ერთი ნუგბარი რძემჟავა პროდუქტია. იგი ძალზედ პოპულარულია განსაკუთრებით ბავშვებსა და ქალებში, რადგანაც ძალიან ნაზი, სასიამოვნო და გემრიელი პროდუქტია.

იოგურტი არსებობს სხვადასხვა სახეობის, რომლებიც ერთმანეთისაგან გასხვავდებიან კონსისტენციითა და გემოვნებით. დავიწყოთ იმით, რომ შეძენისას უნდა გავარჩიოთ „ცოცხალი“ იოგურტი, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს „არაცოცხალი“ პროდუქტისაგან. ამ უკანასკნელს გავლილი აქვს თერმული დამუშავება და მასში ყველა რძემჟავა ბაქტერია განადგურებულია. ამ ტიპის პროდუქტს მიეკუთვნება იოგურტი, რომლის შენახვის ვადა ერთ თვეზე მეტია. ხოლო თუ პროდუქტს მხოლოდ ერთი კვირა აქვს შენახვის ვადა, იგი უფრო მეტად სასარგებლოა, რადგანაც მას არა აქვს დამატებული კონსერვანტები, ემულგატორები და არა აქვს გავლილი თერმული დამუშავება. ცოცხალი იოგურტი შეიცავს ისეთ სასარგებლო ბაქტერიებს, როგორიცაა: ბულგარული ჩხირი, თერმოფილური სტრეპტოკოკი, აციდოფილური ჩხირი და ა. შ. ეს ბაქტერიები დამატებულია პასტერიზებულ რძეში და შემდგომში მისი პასტერიზაცია აღარ ხდება. ხარისხიან იოგურტს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი სტრუქტურა, მოთეთრო რძის ფერი, არ უნდა იყოს ჟელეს ან კრემის მაგვარი და ძალიან წელვადი. კეთილხარისხოვან პროდუქტს ნაზი სტრუქტურა და სასიამოვნო მომჟავო კარგად გამოხატული, მაგრამ არამკვეთრი გემო აქვს. მომწარო გემო, დუღილის ნიშნები (შეფუთვა გაბერილი არ უნდა იყოს) დაუშვებელია ამ ტიპის პროდუქტში.

პროდუქტი, რომელიც შაქრის ან შაქრის შემცვლელის გამოყენებითაა დამზადებული, ზედმეტად ტკბილი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მწარმოებელი პროდუქტის სიმჟავის ან სხვა დეფექტის გადაფარვას ცდილობდეს.

შევეცადოთ შევიძინოთ ისეთი იოგურტი, რომელიც დამზადებულია ნატურალური კომპონენტებით. ხელოვნურად და სინთეზურად მიღებული საკვები დანამატები, ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანია. ზუსტად ამ მიზნით, ზედმიწევნით კარგად გავეცნოთ პროდუქტის შეფუთვაზე განთავსებულ ეტიკეტს. ბოლო დროს, ხშირად გვხვდება იოგურტი, რომელიც გამდიდრებულია ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიებით, პრებიოტიკებით (პექტინი, ინულინი) პრობიოტიკებით (ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები). ამის მიუხედავად, სასწაულმოქმედებას არ უნდა ველოდეთ ამ ტიპის პროდუქტისაგან. ის ყოველთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო და უნდა მივიღოთ ისინი ექიმის რეკომენდაციით.

ყველაზე სასარგებლო არის საკუთარი ხელით დამზადებული იოგურტი. ამისათვის საჭიროა გადადუღებულ რძეში შევიტანოთ რძემშავა ბაქტერიების კულტურა. ამის კლასიკური მაგალითია ქართული მაწონი. თუ გვინდა ამ პროდუქტს ეგზოტიკა შევმატოთ, მივცეთ ნება საკუთარ ფანტაზიას და დავამატოთ მას, ის რაც ჩვენ გვესიამოვნება: თაფლი, შოკოლადი, თხილი, ახალი ხილი, ბოსტნეული, ჯემი, მურაბა და ა.შ. ძალზედ პოპულარული და ცნობილი სქელი იოგურტი შეგვიძლია მაწვნის გაწურვის შედეგად მივიღოთ.
შენახვის იდეალური ტემპერატურა ცოცხალი იოგურტისათვის არის- 2-დან 6 გრადუს ცელსიუსამდე, საშუალოდ ორი კვირა. პასტერიზებული (სტერილიზებული) იოგურტი იგივე პირობებში ერთ თვეზე მეტხანს შეინახება.