Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ყველი – ძალიან ყუათიანი საკვები პროდუქტია, რომელიც მდიდარია გემოვნური თვისებებით. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე უფრო პოპულარული რძის პროდუქტი. ამასთან ერთად რომ იგი სასარგებლოც იყოს, უნდა შევარჩიოთ ნატურალური და კეთილხარისხოვანი ყველი.

საშუალოდ ერთი კილოგრამი პროდუქტის დამზადებისათვის 11 ლიტრი რძეა საჭირო, ამიტომ ყველის ამორჩევის დროს, გავითვალისწინოთ რომ იგი იაფი არ იქნება. იდეალურად - „სუფთა“ ყველი მზადდება მხოლოდ რძის, დედოსა და მარილისაგან. თუ ვყიდულობთ ყველს შეფუთვაში, მივაქციოთ ყურადღება, რომ ეტიკეტზე მოთავსებული დანამატები რაც შეიძლება ცოტა იყოს. კატეგორიულად ვერიდოთ ისეთ დანამატებს, როგორიცაა კარაგინანი (Е-407) არბოქსიმმეთილცელულოზა (Е-466), კაროტინი (Е-160a,b), საღებავი (Е-110). ზოგადად მარკირება ძალიან საჭირო ელემენტია და უცილებელია შენაძენის გაკეთებისას გავითვალისწინოთ მისი მონაცემები.

მოვერიდოთ ისეთი ყველის შეძენას, თუ მის შემადგენლობაში ნახსენებია სიტყვა მცენარეული ცხიმი და სხვა შემცვლელები. საერთოდ პროდუქტი, რომელიც დამზადებულია გოსტის მიხედვით, უფრო ხარისხიანია, ვიდრე ტექნიკური პირობებით დამზადებული.
ყველის ბევრი სახეობა არსებობს: მაგარი, რბილი, წათხის, მდნარი, რძემჟავური.

იმისათვის რომ ხარისხიანი მაგარი ყველი შევარჩიოთ, მივაქციოთ ყურადღება მისი ზედაპირი არ იყოს დანაოჭებული, არათანაბარი. არ ჰქონდეს ნახეთქები და სხვა დეფექტები. თუ ყველს ფაშარი და ფშვნადი სტრუქტურა აქვს, იგი ან დაბალხარისხიანი ან განაყინია. მომწარო გემო, ობი( გარდა ობიანი ყველისა) არასასიამოვნო სუნი, აფუება, თეთრი ნაფიფქი, გაფუჭების ნიშანია.

ყველს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი მარილი და მოტკბო გემო. ხარისხიანი მაგარი ტიპის ყველის თხელი ნაჭერი მოღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს. იგი პლასტიკური უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რეზინის მსგავსი. საქართველოში მაგარ ყველს მიეკუთვნება ცნობილი გუდის, თუშური და ა.შ.
რბილი ყველი - ამ ტიპის პროდუქტი საქართველოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტია. ამის დასტურად იმერული და სულგუნი ყველი გამოდგება. ასეთი პროდუქტის არჩევისას, ზემოთ მოცემული ყველა რჩევა გამოსადეგია.
წათხის ყველი - მზადდება სპეციალური სითხის გამოყენებით. მას არა აქვთ ქერქი და ის მსხვრევადია. ამ ტიპის პროდუქტიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბრინზა, სულგუნი, ჩეჩილი და ა. შ. ამ ტიპის პროდუქტის შეძენისას ზუსტად იმ კრიტერიუმებით ვსარგებლობთ, როგორც მაგარი ყველის შერჩევისას.

მდნარი ყველი - ამ ტიპის პროდუქტის შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან, მასში შესაძლებელია იყოს ყველაფერი. იდეალურ შემთხვევაში იგი უნდა იყოს დამზადებული მაგარი ყველისაგან, კარაქისა, ნაღებისა და რძის გამოყენებით. ხშირად ნედლეულად გამოიყენებენ უხარისხო და ზოგჯერ გაფუჭებულ ყველს. კარაქის ნაცვლად კი, იყენებენ მცენარეულ ცხიმს (პალმის) და გაურკვეველი წარმოშობის რძის ფხვნილს. ასეთი ყველი ყოველთვის დაფასოებულია ქაღალდის ან პლასტიკატის შეფუთვაში და მარკირებულია. მივაქციოთ ყურადღება, რომ ეტიკეტზე შემადგენლობაში მინიმალურად იყოს წარმოდგენილი კონსერვანტები და ვარგისიანობის ვადა იყოს დაცული.

შებოლილი ყველი - საქართველოში ძირითადად გაყიდვაშია შებოლილი სულგუნი და სულგუნის ჩხირები (ნაწნავები) ასეთი პროდუქტი არ უნდა იყოს მშრალი, მისი გარეკანი პრიალა და მექანიკური დეფექტების გარეშე უნდა იყოს. დაჭრის დროს, დანას არ უნდა ეწებებოდეს. შუაგული ერთგვაროვანი სიცარიელების გარეშე უნდა იყოს. შებოლილი ყველი მიიღება ცივი ან ცხელი შებოლვის შედეგად. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თხევადი ბოლი, ან შესაბოლი სითხე (არანატურალური შებოლვა). უნდა აღინიშნოს, რომ ყველის შემთხვევაში იგი ისე საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის, როგორც ხორცპროდუქტებში და თევზში.
რძემჟაურ ყველს მიეკუთვნება იმ ტიპის პროდუქტი, რომლებიც დამზადებული არიან რზემჟავა ბაქტერიების გამოყენებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ხაჭო. ბევრ ქვეყანაში, ხაჭოს უბრალოდ ყველს უწოდებენ. საქართველოში ძალზედ პოპულარული ნადუღი, ამ ტიპის ყველს მიეკუთვნება.

მაგარი ყველი ყოველთვის მაცივარში უნდა შევინახოთ. 4+8 გრადუს ცელსიუსზე 85-90% ტენიანობის პირობებში. ასეთ პირობებში იგი მაქსიმუმ ოთხი თვე ინახება. რბილი ტიპის ყველი, 0- +8 გრადუს ცელსიუსზე უფრო ცოტა ხანს ინახება ვიდრე მაგარი ყველი. მისი შენახვის ვადა მხოლოდ რამოდენიმე დღეა. მდნარი ყველის შენახვის ვადა ყველა სხვა ტიპის ყველზე უფრო დიდია, ვინაიდან მას გავლილი აქვს თერმული დამუშავება. მისი შენახვის ვადა და პირობები მითითებულია ეტიკეტზე.
წათხის ყველი ყველაზე კარგად ინახება დაახლოებით 5 გრადუს ცელსიუსზე საკუთარ წათხში. მისი შენახვის ვადა დამოკიდებულია მასში მარილის არსებობაზე. საშუალოდ იგი 2 თვეს შეადგენს. ხაჭო და სხვა რძემჟავა ყველი მაცივარში 0-
+6 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე მაქსიმუმ ორი კვირა ინახება.

მაცივარში მოთავსებამდე უმჯობესია ყველი გავახვიოთ ფოლგაში და არა პოლიეთილენში. ასევე შესაძლებელია, მარილწყალში დასველებულ ნაჭერში გახვეული მოვათავსოთ იგი დახურულ ჭურჭელში, სადაც მოთავსებული იქნება რამდენიმე ნატეხი შაქარი. იქ სადაც ყველი ინახება, არ შეიძლება იყოს ხორცი, ღორის ქონი. თავისუფლად შეიძლება მის გვერდით იყოს ნებისმიერი რძის პროდუქტი.