Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

შესქელებული რძე - ასეთი პროდუქტის შეძენა ისევე რთულია, როგორც ნატურალური თაფლის ყიდვა. ბოლო დროს, იგი ასოცირდება არანატურალურ და ზოგჯერ ჯანმრთელობისათვის საშიშ კვების პროდუქტთან.

რძის პროდუქტთა შორის, ყველაზე ხშირად მისი ფალსიფიცირება ხდება. არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, შესქელებული რძის დამზადებისას, შეიძლება ნატურალური რძე არც გამოიყენოს. მათ მიერ შექმნილია ე.წ. ტექნიკური პირობები. ამ ნორმატიული დოკუმენტის თანახმად, ისინი ნედლეულად ხმარობენ უცხიმო რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმებს. ხარისხიანი შესქელებული რძე დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით და ნედლეულად გამოყენებულია რძე და შაქარი. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ГОСТ-ი , ხოლო უკრაინული წარმოების პროდუქტში კი-ДСТУ. დავივიწყოთ ძველი საბჭოური დიზაინი შესქელებული რძის ქილაზე და ყურადღება მივაქციოთ წარწერას: „შესქელებული რძე შაქრით“ ან „ ნატურალური შესქელებული რძე შაქრით“. ამ ტიპის პროდუქტი არ შეიძლება იყოს იაფფასიანი. წავიკითხოთ წარწერა ქილაზე, მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის შემადგენლობას, გამოშვების თარიღსა და ვარგისიანობას. ქილის თავსახურზე განთავსებული ასო М - ნიშნავს რძის პროდუქციას, შემდეგი ორი ციფრი დამამზადებელ საწარმოს და ბოლო ორი ციფრი უნდა იყოს 76.

მოერიდეთ ისეთი პროდუქტის შეძენას, რომლის შემადგენლობაშიც ფიგურირებს რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქილა შეჭყლეტილი და დაზიანებული. ეს შეიძლება ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდეს. ერიდეთ დაჟანგულ და დალაქავებულ ტარას. შებერილი ქილა იმის მაჩვენებელია, რომ პროდუქტს გაფუჭება აქვს დაწყებული. თუ შეიძინეთ შესქელებული რძე, გახსენით იგი და დაუკვირდით რა მდგომარეობაშია პროდუქტი. ხარისხიანი შესქელებული რძე თანაბარი, მოკრემისფერო, პრიალა სტრუქტურისაა. მოყავისფრო ფერი მიმანიშნებელია, რომ მისი დამზადების დროს დაირღვა ტექნოლოგია და მაღალ ტემპერატურაზე მოხდა მისი დამზადება. თუ მის ზედაპირზე ობი შენიშნეთ, იგი გამოყენებისათვის უვარგისია.

გემოვნებით შესქელებული რძე სასიამოვნო უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეს მას მომწარო და თევზის გემო. მისი შენახვისათვის ყველაზე კარგია მაცივარი. იგი 0-დან 10 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ინახება, დაახლოებით ერთი წელიწადი. თუ შენახვის ვადა წელიწადზე მეტია, სავარაუდოა, რომ იგი ნატურალური რძისაგან არ არის დამზადებული.