Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ანანასი - ანანასის შეძენა მყიდველისთვის ლატარიაა. იმისათვის რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა ვიცოდეთ გარეგნული ნიშნების მიხედვით მისი ხარისხის დადგენა. გაითვალისწინეთ, რომ უმწიფარ ანანასს აქვს მწკლატე გემო და ამასთანავე შეიძლება შეგვიქმნას კუჭ-ნაწლავის პრობლემები. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ ვიყიდოთ მწიფე ნაყოფი, რომელსაც კარგად გამოხატული სასიამოვნო არომატი აქვს.

ანანასის დაბოლოება, რომლითაც იგი მიმაგრებული იყო ხეზე, არის მაჩვენებელი იმისა, მისი დამწიფება ხეზე მოხდა, თუ გზაში ტრანსპორტირების დროს. თუ იგი მცირე ზომის და დანაოჭებულია, ე.ი. ნაყოფი ხეზეა დამწიფებული, ხოლო თუ უფრო ფართე, მაშინ ტრანსპორტირებისას ან შენახვის დროს. ანანასს, როგორც სუბტროპიკულ ხილს, აქვს თავისი დამწიფების პიკი. ამ პროცესის თანმდევია ნაყოფზე მუქი ფერის ლაქების გაჩენა.
ამ ტიპის ნაყოფს გადამწიფებისა და გაფუჭების რისკი მაღალი აქვს. გაჭრილი ანანასის რბილობის, შეფერილობის მიხედვით, შეგვიძლია დავადგინოთ მწიფეა თუ არა იგი. კარგი ღია ყვითელი შეფერილობა ამ უკანასკნელის მიმანიშნებელია, ხოლო ღია ფერის რბილობი უმწიფრობის. აქედან დასკვნა, რომ ხარისხიანი ანანანსი ნიშნავს, იმას, რომ იგი იყოს მწიფე. თუ სახლში მიტანისას აღმოაჩინეთ, რომ ანანასი დაუმწიფებელია, მოათავსეთ იგი 8◦c - ზე დაბალ ტემპერატურაზე 80-85 % ტენიანობის პირობებში და იგი 25 დღის განმავლობაში სასურველ სიმწიფეს მიაღწევს.

კანის მიხედვით მწიფე ანანასს მოყვითალო თივისფერი ან ოქროსფერი შეფერილობა აქვს, რომელსაც მოწითალო - მოფორთოხლისფერო ელფერი გადაჰკრავს, ხოლო უმწიფარს - კანი მწვანე ფერის აქვს. ნაყოფის თავზე მოთავსებული ფოთლების კონა ე.წ. „სულთანი“ მოყვითალო სალათისფერია. მასში ყველაზე მაღლა მოთავსებული ფოთოლი ყვითელია. კანზე არსებული სეგმენტები ე. წ. „ქერცლები“ მუქი ყავისფერი, ან შავია.

ანანასის ნაყოფი უნდა იყოს მთლიანი, ნახეთქების და მზისგან დამწვარი ადგილების გარეშე. ეს უკანასკნელი, დაავადების მაჩვენებელია. მას აქვს სწორი, სიმეტრიული ფორმა, შეხებით მკვრივი და მაგარია, თავზე აქვს სქელი მწვანე „სულთანი“ და სასიამოვნო არომატი. ანანასის ქერცლებს შორის არ უნდა ფიქსირდებოდეს ობის სოკოს კოლონიები. კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა: პრაქტიკამ აჩვენა, რომ მცირე ზომის ნაყოფი მჩხვლეტავი ფოთლებით, უფრო ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის გლუვ ფოთლებიანი.

მწიფე ანანასი, კარგად ინახება ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით 12 დღე. თუ ამ პროდუქტს 8◦c-ზე დაბალ ტემპერატურაზე შევინახავთ, იგი კარგავს სასარგებლო თვისებებს, ეცვლება გემო, (უფრო წყლიანი ხდება) ფერი (მუქდება), ამიტომ არ გირჩევთ მაცივარში მის შენახვას. დაჭრილი ანანასი უმჯობესია მაშინვე მოვიხმაროთ, ხოლო მცირე ხნით შესაძლებელია მაცივარში შენახვა საკუთარ წვენში.

ანანასის შემადგენლობაში შედის მცენარეული ფერმენტი - ბრომელინი (ბრომელაინი), რომელიც ხელს უწყობს ცილის მონელებას, ამიტომ ანანასი რეკომენდირებულია ხორცთან და თევზთან კომბინაციაში. ანანასის კომპოტში ბრომელინის შემცველობა ძალიან კლებულობს.