Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბროწეული - ბროწეულის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ხელის დაჭერისას ნაყოფი არ უნდა იყოს რბილი. მისი სირბილე მიმანიშნებელია იმისა, რომ იგი ან მოყინულია, ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული.

დაიმახსოვრეთ, რომ ხარისხიანი ნაყოფი გარედან მშრალია, შიგნით წვნიანი. მწიფე ბროწეულის კანი თხელია, მშრალი, მაგარი, ტყავისებური და კარგად შემოკრული მარცვლებზე. ტენიანი და ელასტიური კანი იმის მიმანიშნებელია, რომ ნაყოფი უმწიფარი იქნა მოკრეფილი. გარეკანის შეფერილობა ერთგვაროვანი უნდა იყოს. ღია მწვანიდან და ღია ყვითელი შეფერილობიდან დაწყებული, მუქი და ღია წითელ ფერამდე. კანზე მოყავისფრო შავი ლაქების არსებობა ნაყოფის დაზიანების მაჩვენებელია. შეიძინეთ წონადი ბროწეული, მისი საუკეთესო ჯიშის ერთი ცალი ნაყოფის წონა 700 გრამს აღწევს. ხელის დაჭერით, ხარისხიანი ნაყოფი, მცირედ ტკაცუნის ხმას გამოსცემს. ბროწეულის თავი დაგვირგვინებულია ყვავილის ძირით. ის ტყავისმაგვარია, შეფერილი, სამკუთხედის მაგვარი ფორმის ფოთლებით, რაც მთლიანობაში გვირგვინს გვაგონებს. მწიფე ნაყოფს ეს გვირგვინი გახსნილი უნდა ჰქონდეს, ხოლო ყუნწი არამწვანე შეფერილობის. ბროწეულის შიგთავსი სავსე უნდა იყოს მარცვლებით. თითოეული მარცვალი გარშემორტყმულია გამჭვირვალე მოვარდისფრო, წითელი ფერის რბილობით. ეს ბროწეულის წვენია, ამ ხილის მთავარი ღირსება.

ბროწეული ოქტომბერ-ნოემბერში იკრიფება. შესანახად არჩევენ ჯანსაღ დაუზიანებელ ნაყოფს. ეს უკანასკნელი, კარგად იტანს ტრანსპორტირებასა და შენახვას. მისი შენახვის დროს ყურადსაღებია ნაყოფმა არ დაკარგოს დიდი რაოდენობით ტენი, ამიტომ ნაყოფი სათითაოდ უნდა შეიფუთოს ქაღალდში და მოვათავსოთ ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ამავე მიზანს ემსახურება ისიც, თუ ბროწეულის „გვირგვინს“ თიხის ხსნარით ამოვავსებთ (თიხა, არაჟანის კონსისტენციის მდგომარეობამდე უნდა გავხსნათ წყალში) როდესაც თიხა გამაგრდება, შეგვიძლია ნაყოფი შესანახად დავდოთ.

ისე როგორც ყველა სუბტროპიკული ხილი, კივი, ხურმა, კარალიოკი, ბროწეულიც დაბალ ტემპერატურაზე ინახება. ოპტიმალური ტემპერატურა - დაახლოებით +1 ◦c . ამ პირობებში შენახვის ვადა ჯიშის გათვალისწინებით 9 თვემდეა შესაძლებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ მისი მჟავე სახეობა უკეთესად ინახება, ვიდრე ტკბილი. თუმცა სახლის პირობებში სარდაფში, ლოჯში შესაძლებელია 10◦c პირობებში 2 თვე შევინახოთ მწიფე ბროწეული. ის უნდა იყოს ჩალაგებული ქაღალდით ამოფენილ ყუთებში და უკეთესია, თუ სათითაოდ ქაღალდში იქნება შეხვეული. შეგვიძლია ბროწეულის მარცვლები მოვათავსოთ პოლიეთილენის პაკეტში და გავყინოთ.

ბროწეული ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. მისი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ამცირებს ორგანიზმზე რადიაციის მოქმედებას.