Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ვაშლი - არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული და სიმბოლური ხილია მსოფლიოში, არამედ იგი დაჯილდოებულია მდიდარი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. თქვენ შეგიძლიათ ეს სასარგებლო პროდუქტი შეიძინოთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაღაზიებში და ბაზრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის სიმწიფის პერიოდია აგვისტო - ოქტომბრის თვეები.

ცხოვრებაში სისტემატიურად გვიწევს ამ პროდუქტის შეძენა, ამისათვის უნდა გავითვალისწონოთ შემდეგი: ნაყოფი უნდა იყოს გარეგნულად ჯანსაღი და მიმზიდველი, მას უნდა შევეხოთ ხელით, უსუნოთ და გაუსინჯოთ გემო, თუ ამის საშუალება გვაქვს. სეზონის მიხედვით ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ ვაშლის ადგილობრივ ჯიშებს.
ვაშლის უამრავი ჯიში არსებობს ტკბილი, მჟავე, მომჟავო მოტკბილო, რბილი, მაგარი და ა.შ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით, ასევე შეფერილობითა და გემოვნური თვისებებით. რაც უფრო წითელია ნაყოფი, მით უფრო გემრიელი და სასარგებლოა - ეს არ არის სწორი მიდგომა ვაშლის შერჩევისას. მაგ: ვაშლის ჯიში- ანტონოვკა უფრო სასარგებლოა , ვიდრე უფრო ტკბილი და სასიამოვნო სტარტი და გოლდენი. არასოდეს ეძებოთ დიდი ზომის ვაშლი, ამით არ განისაზღვრება მისი ხარისხი. მისი კანი არ უნდა იყოს დაჭმუჭნული, ლაქებიანი და ზოგადად დაზიანებული. ვაშლის სიმწიფე მისი შუა ნაწილიდან იწყება. აქედანვე იწყება მისი ლპობაც, ამიტომ მისი შეძენისას ყურადღებით დაათვალიერეთ ყუნწის მიდამო და მისი მოპირდაპირე მხარე. ყველაზე ოპტიმალური ზომა საშუალოა. იგი უნდა იყოს მკვრივი და წონადი თავის ზომასთან შედარებით.

ნატურალურ ვაშლს სასიამოვნო სურნელი უნდა ჰქონდეს ახალი და კარგად გამოხატული არომატით.
ადრე გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, გასაყიდად გამოტანილი ვაშლი შეიძლება იყოს იმპორტირებული. ამ ტიპის ვაშლს ამუშავებენ ქიმიური ნივთიერებით, (კონსერვანტებით, დიფენილი, ცვილი, იოდის ხსნარები და სხვა) რომ იგი დიდხანს შეინახოს. ამ შემთხვევაში უბრალოდ გარეცხვა საკმარისი არ არის. იგი თბილი წყლით, ჯაგრისით და ღრუბელით კარგად უნდა გაირეცხოს. გაჭრილ ვაშლში ყურადღება უნდა მივაქციოთ მის რბილობსა და კურკებს.რბილობი წვინიანი, თანაბარი და შევსებული უნდა იყოს. კურკა მთლიანად უნდა იყოს ყავისფერი. მოთეთრო ფერის კურკა, მიგვანიშნებს მის ნაკლებ სიმწიფეზე. გაჭრილი ვაშლის რბილობი რაც შეიძლება მალე უნდა გამუქდეს. ( დაიჟანგოს), რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს პროცესი, მით უფრო სასარგებლოა ვაშლი მაღალი რკინის შემცველობის გამო.

ვაშლის სხვადასხვა ჯიშს, სხვადასხვა შენახვის ვადა აქვს. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის იქნა მოსავალი აღებული: თუ ვაშლი კარგი მწიფე არ მოიკრიფა, მას შენახვის უფრო მეტი ვადა აქვს, ვიდრე მწიფეს. სასურველია მისი ბოლომდე დამწიფება მოხდეს ოთახის ტემპერატურაზე, ვიდრე მაცივარში. დაზიანებულმა ვაშლმა მის გვერდით არსებული ნაყოფიც შეიძლება დააზიანოს, ამიტომ დროულად გადაარჩიეთ და დაახარისხეთ ჯიშების მიხედვით ცალ-ცალკე.

ვაშლი კარგად ინახება გრილ და ბნელ ადგილზე, მაგალითად მაცივარში 0◦c -მდე, მაცივარში სხვა ხილისა და ბოსტნეულისაგან გამოყოფილად. თუ სათითაოდ ნაყოფს, შევახვევთ ქაღალდში და ზემოდან დავაყრით სილას ან ნახერხს, ეს საგრძნობლად გაზრდის ვაშლის შენახვის ვადას. გაჭრილი ვაშლის შენახვა არ არის რეკომენდირებული, თუმცა მცირე დროით შესაძლებელია, თუ მას ლიმონის წვენს წავუსვამთ ან მცირე ხნით მოვათავსებთ ლიმონის წვენით შემჟავებულ წყალში. ვაშლის შენახვა შესაძლებელია ჩირის, კომპოტის, ჯემისა და პოვიდლოს სახით.

ვაშლი არის ყველაზე მეტად სასარგებლო პროდუქტია უზმოზე მისაღებად. ამ დროს რეკომენდირებულია მისი მიღება არა წვენის სახით, არამედ მთლიანად. ვინაიდან მასში არსებული უჯრედისი ძალზედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. მისი მიღება შეიძლება კურკებთან ერთადაც, მხოლოდ მცირე რაოდენობით, ვინაიდან კურკაში არსებული გლიკოზიდი - ამიგდალინი საშიში ნივთიერებაა, მცირე რაოდენობით კი კურკა სასარგებლოა.