Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კივი - კივის ნაყოფი საშუალო ზომისაა, დიამეტრით 5 სმ-მდე. მისი მასა 60-დან 120 გრ-მდე მერყეობს. შეფერილობა მის ხარისხზე და სიმწიფეზეა დამოკიდებული. მისი მწიფე ნაყოფი ყავისფერია. ღია მწვანე წვნიან რბილობს თეთრი ღერძი აქვს და მის გარშემო განლაგებულია წვრილი შავი ფერის წიპწები. გარე კანი თხელია და დაფარულია ღია ყავისფერი ბუსუსებით.

ისევე როგორც სუპტროპიკული ხილის უმეტესობა, კივიც უნდა ავარჩიოთ ნაყოფის სიმკვრივის მიხედვით. იგი უნდა იყოს ზომიერად რბილი. ძალიან მაგარი ან ძალიან რბილი ნაყოფი გადამწიფებულობის და არასათანადო დამწიფების მაჩვენებელია.
აირჩიეთ კივი სასიამოვნო, მაგრამ არამკვეთრი ხილისათვის დამახასიათებელი არომატით - ეს მისი კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია. საერთოდ კივს აქვს განუმეორებელი არომატი და გემო. აქ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ნესვის, მარწყვის ან სხვა კენკროვნის შორეული არომატი. ხარისხიან, მწიფე ნაყოფს, მომჟავო სუნი არ უნდა ჰქონდეს. ასევე მის კანზე არსებული ბუსუსები ადვილად უნდა ცილდებოდეს. ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები. ეს უკანასკნელი ნაყოფის დაავადების მიმანიშნებელია. არსებობს კივის ისეთი ჯიშიც, რომელსაც კანზე ბუსუსები არ გააჩნია. იგი ელიტარულად ითვლება და გაყიდვაში ძალზედ იშვიათად გვხვდება. მიაქციეთ ყურადღება ყუნწს, იგი არ უნდა იყოს სველი.

კივი შეიძლება მივირთვათ როგორც გათლილი, ასევე კანიანად. ძალიან სასარგებლოა კანიანი კივი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თუ ის იმპორტირებულია, სავარაუდოდ დამუშავებული იქნება ქიმიკატით, გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით. მოხმარების წინ აუცილებელია, ნაყოფი კარგად გაირეცხოს. ბავშვებისათვის კატეგორიულად აკრძალულია კანიანი კივის მიღება. პედიატრები კი გვირჩევენ იგი 2-3 წლის ასაკიდან ჩავრთოთ ბავშვთა კვების რაციონში.

კივი ცივ ადგილზე კარგად ინახება, მხოლოდ ტემპერატურა ნულზე დაბალი არ უნდა იყოს. რაც უფრო მაგარია ნაყოფი, მისი შენახვის ვადა უფრო დიდია. კივის მკვახე ნაყოფი ოთახის ტემპერატურაზე შეგვიძლია შევინახოთ.

კივის შენახვა რეკომენდირებულია დახურულ ჭურჭელში, რომელსაც სავენტილაციო ნასვრეტები აქვს. აქვე აღსანიშნავია, ისიც, რომ კივის ნაყოფი ადვილად ითვისებს გარეშე სუნს, ამიტომ შენახვისას გავითვალისწინოთ, რომ მის გვერდით არ დავდოთ მკვეთრი სუნის მქონე პროდუქტი. აღსანიშნავია, კივის უნიკალური თვისება - შენახვისას მთლიანად შეინარჩუნოს მასში არსებული ცე ვიტამინის სრული რაოდენობა. ამაში მას კანი და მასში არსებული ორგანული მჟავეები ეხმარება.