Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მსხალი - მსხლის ყიდვისას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ იგი ბუნებრივად დამწიფებული და კარგი ხარისხის იყოს. თუ ნაყოფი მოკრეფის შემდეგ იქნა ხელოვნურად დამწიფებული, იგი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

მწიფე კეთილხარისხოვანი მსხალი გამოირჩევა კარგი არომატით. შეხებით იგი არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი უნდა იყოს. ზოგადად ეს ნიშანთვისება ჯიშისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, გულაბი, ალექსანდრეული, ეს ჯიშები სირბილით გამოირჩევა, ხოლო ხეჭეჭური მაგარი და წვნიანი ჯიშის მსხალია. მსხლის კანი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ლაქების გარეშე. ფერი ყოველთვის სიმწიფის მაჩვენებელი არ არის. მაგალითად, მწვანე ფერის მსხალი შეიძლება იყოს მწიფე, ჯიშის გათვალისწინებით. სასურველია შეძენისას გემოც გაუსინჯოთ მას. მწიფე მსხალი შეძენიდან რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს მოხმარებული. იგი ძალზედ გემრიელია, მაგრამ მალფუჭებად ხილს მიეკუთვნება. თუ მსხალს სიმწიფე აკლია, იგი შეიძლება შეინახოს 20-24◦c -ზე მშრალ ადგილას. მწიფე მსხალი მაცივრის პირობებში ერთი კვირა ინახება, ნაკლებად მწიფე ორი თვე. ოპტიმალური შენახვის პირობები 0-ზე ოდნავ მცირე ან 0◦c -ია. მსხლის შესანახად ყველაზე საუკეთესო შესაფუთი მასალა არის ქაღალდი. მსხალს შეიძლება ვუწოდოთ გემრიელი წამალი, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იგი საკმაოდ ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. სასურველია იგი მივირთვათ ზომიერად და სიფრთხილით.

აღსანიშნავია, რომ მსხალი პოპულარულია დიეტის მოყვარულებს შორის. უფრო ტკბილია, ვიდრე მისი მთავარი „კონკურენტი“ ვაშლი. თუმცაღა სინამდვილეში უფრო მეტ ფრუქტოზას შეიცავს, ვიდრე გლუკოზას (შაქარი). თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაიწყოთ მსხლის დიეტა, ამისათვის გამოიყენეთ მხოლოდ მწიფე მსხალი, ვინაიდან ნაკლებად მწიფე ნაყოფმა თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.