Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ნესვი - მოერიდეთ ნესვის შეძენას გზებზე და ტრასებზე, ვინაიდან ის როგორც გოგრისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი, გარემოოდან ადვილად ითვისებს მავნე ნივთიერებებს. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ნაყოფის კანს. დაუშვებელია მასზე ლაქების და სხვა მექანიკური დაზიანებების არსებობა.

ნესვის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება ხმას, მწიფე ნაყოფი დაკაკუნებისას ყრუ ბგერებს გამოსცემს. იგი შედარებით მძიმეა, ყუნწი კი მშრალი და მსხვილი უნდა იყოს. ყუნწის მოპირდაპირე მხარეს კანი ოდნავ რბილი და დრეკადი აქვს.
ნესვის კანი თანაბრად შეფერილი უნდა იყოს, თუ მას კანზე მწვანე ლაქები აქვს, შესაძლებელია მას სიმწიფე აკლია. ყავისფერი და მონაცრისფრო ლაქები კი იმის მაჩვენებელია, რომ დაწყებული აქვს ლპობა.

თუ ხელის შეხებით ნესვს მაგარი კანი აქვს, ეს მიმანიშნებელია რომ მას აკლია სიმწიფე. ძალიან რბილი კანი, კი გადამწიფების მაჩვენებელია.
შეფერილობა და ნაყოფის ფორმა ნესვს სხვადასხვაგვარი აქვს. კანი შეიძლება ჰქონდეს გლუვი,  ბადისებური. ფორმა მრგვალი, ოვალური, მოგრძო (ეს არის დამოკიდებული არა ხარისხზე, არამედ მის ჯიშზე.  გაჭრის შემდეგ  ყურადღება მიაქციეთ მის თესლს, იგი უნდა იყოს რაც შეიძლება მსხვილი და ადვილად უნდა სცილდებოდეს რბილობს. რბილობის შეფერილობა ჯიშის მიხედვით შეიძლება იყოს სხვადასხვა. თეთრი, მოვარდისფრო, ღია ნარინჯისფერი. აღსანიშნავია რომ მისი რბილობი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას კაროტინს. (პროვიტამინ A) მოერიდეთ გაჭრილი ნესვის ყიდვას, მითუმეტეს ის თუ მაცივარში არ ინახებოდა.

ნესვის  ზრდის სტიმულაცია რომ მოხდეს, ხშირად იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს. მაგალითად, გვარჯილას(ნიტრატი) შარდოვანას და შარდს. ასეთი გზით მოყვანილი ნესვი, შეიძლება ადამიანის მოწამვლის მიზეზი გახდეს.

დიდი რაოდენობით ნიტრატების შემცველობის მაჩვენებელია სიგრძივი ძარღვების არსებობა,  მონაცრისფერო ფუყე თესლი. ამგვარი ნესვი მოკლებულია მისთვის დამახასიათებელ არომატს.

სწორი შენახვის პირობებში ნესვმა შესაძლებელია გაზაფხულამდე გაძლოს. თუმცა ამ დროს იგი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს. უნდა შევინახოთ 0-3◦c ტემპერატურაზე, გვახსოვდეს,  რომ 0◦ -ზე ნესვი გაყინვას იწყებს და ამ პირობებში იგი კარგავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. შენახვის მიზნით უნდა გადავარჩიოთ ჯანსაღი ნაყოფი ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. 

გაჭრილი ნესვი ინახება მხოლოდ მაცივარში, მაგრამ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში,  ვინაიდან ამ დროს შეიძლება გამოიყოს მავნე ეთილენის გაზი. რბილობი შეიძლება გავაშროთ და ჩირის სახით შევინახოთ. სწრაფი გაყინვით, შეიძლება რბილობის შენახვა. ამისათვის უნდა შევიძინოთ მწიფე და ტკბილი ნესვი. დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად, დავასხათ შაქრის სიროპი და ჭურჭლით შევინახოთ საყინულეში.