Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

საზამთრო - ამ მეტად სასარგებლო და გემრიელი ხილის ყიდვა ყოველწლიურად უფრო ძნელი ხდება, იმის გამო რომ ბაზარზე ნაკლებად გვხდება გემრიელი, მწიფე და მცირე რაოდენობით ნიტრატების შემცველი საზამთრო. ჩვენი რჩევების გათვალისწინებით მყიდველს საშუალება მიეცემა შეიძინოს ხარისხიანი პროდუქტი.

ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა იმ ადგილიდან იწყება, სადაც უნდა შევიძინოთ იგი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰიგიენურ პირობებს. ხელით შევეხოთ ნაყოფს, გავაჭრევინოთ იგი, დავათვალიეროთ და გაუსინჯოთ გემო.

მოერიდეთ ნაადრევად მოყვანილ საზამთროს შეძენას. სავარაუდოდ ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობის სასუქს (ნიტრატს), ნაყოფის ზრდის დასაჩქარებლად. უკეთესია თუ შევიძენთ უკვე გამოცდილ ადგილას. მოერიდეთ მის ყიდვას, ტრასებსა და გზებზე, ვინაიდან საზამთრო კარგად შეიწოვს გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს.

გარეგანი დათვალიერება

 

საზამთროს ზომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ის არ უნდა იყოს ძალიან დიდი. სიდიდე მაჩვენებელია დიდი რაოდენობით ნიტრატების შემცველობისა, ხოლო ძალიან პატარა ზომა კი, დაუმწიფებლობის. უკეთესია შეიძინოთ საშუალო ზომის საზამთრო, მბზინავი კანით. თუ არის ზოლიანი ჯიშის, უპირატესობა მიანიჭეთ მკვეთრად გამოხატულ ზოლებს. გვერდზე ყვითელი ლაქის არსებობა ბუნებრივია.

სასურველია რომ იგი არ იყოს დიდი ზომის. კარგად დაათვალიერეთ არ ჰქონდეს მცირე ზომის ლაქა, რომელიც იქნება ნემსის ჩხვლეტის კვალი, რომლითაც სავარაუდოდ ნიტრატი ან სხვა ზრდის მასტიმულირებელი ნივთიერება შეიყვანეს.ყაბაყისგან განსხვავებით საზამთრო საკვებად ვარგისია, როდესაც იგი კარგად არის დამწიფებული.  მას ასეთ მდგომარეობაში ყუნწი ხმელი აქვს. მინდორში საზამთროს კარგად დამწიფებამდე კრეფენ, რომ ტრანსპორტირება კარგად გადაიტანოს. თუ საზამთროს ყუნწი მწვანე და ნედლი აქვს, უნდა ვივარაუდოთ რომ მას სიმწიფე აკლია, ხოლო ძალიან ხმელი ყუნწი შეიძლება იყოს მაჩვენებელი მისი გადამწიფების და გაფუჭების.

მნიშვნელობა აქვს ნაყოფის სქესს: მდედრობითი ნაყოფი უფრო ტკბილია და კურკას უფრო მცირე რაოდენობით შეიცავს. მათ უფრო ბრტყელი ბოლო აქვთ და უფრო განიერი ყვითელი ლაქა. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, ძირი ჩაღრმავებული აქვთ შიგნით და ყვითელი ლაქა უფრო პატარაა.

შეეხეთ ნაყოფს და დააკაკუნეთ გარედან.  შეამოწმეთ ხელით მისი სიმძიმე. რაც   მწიფეა ნაყოფი, მით უფრო მსუბუქია. ხელით დაწოლისას, მწიფე ნაყოფს ხმა აქვს. დაკაკუნებისას კი წკრიალა ბგერას გამოსცემს და აგრეთვე ვიბრაციაც ახასიათებს. ყრუ ბგერა მიმანიშნებელია ნაყოფის გადამწიფებისა.

მწიფე ნაყოფის კანი ფრჩხილით ადვილად იფხაჭნება, მაგრამ მისი გახვრეტა ადვილი არ არის. მწიფე კანი საკმაოდ მაგარია. ხმის მიხედვით ხარისხის განსაზღვრა რთული საქმეა, ვინაიდან საზამთროს ბევრი განსხვავებული ჯიში არსებობს და გარდა ამისა ეს ხმა დამოკიდებულია იმ კლიმატურ პირობებზეც, სადაც მოხდა საზამთროს მოყვანა.

გაჭერით და ყურადღებით დაათვალიერეთ შიგთავსი.
იგი ბევრ რამეს მეტყველებს. საზამთროს ბოჭკოები უნდა იყოს თეთრი ფერის და არ უნდა იყოს მსხვილი. თუ შეამჩნევთ რომ ბოჭკოები ყვითელი ან მუქი ფერის არის, ასეთი საზამთრო საკვებად არ გამოიყენება. ეს მაჩვენებელია ნიტრატების დიდი შემცველობის, ასევე ძალიან წითელი ოდნავ იისფერში გარდამავალი შეფერილობაც იგივეს ნიშნავს.     რბილობი უნდა იყოს წვნიანი და არა ლორწოვანი. არ უნდა იყოს შიგნით სიცარიელე. შავი ფერის კურკა მკვეთრად გარდამავალი ხაზი მწიფე ნაყოფსა და კანს შორის, შაქრის წვრილი ნაწილაკები ნაყოფის სიკარგის მიმანიშნებელია. დასუნეთ და გემო გაუსინჯეთ საზამთროს. არ უნდა იგრძნობოდეს სიმჟავის სუნი. გემო უნდა ჰქონდეს ტკბილი, სიმწარის გარეშე, არ უნდა ტოვებდეს მეტალის გემოს. ნიტრატები მცირე რაოდენობით გვხვდება ნაყოფის გულში. კანთან ახლოს მათი შემცველობა იზრდება.

კატეგორიულად არ შეიძლება მისი მწვანე ნაწილის საკვებად გამოყენება. ოჯახურ პირობებში შეგვიძლია ტესტირება ჩაუტაროთ ვარგისიანობაზე. რბილობის მცირე ნაწილი მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში და გავჭყლიტოთ. დაუკვირდეთ წყლის შეფერილობას, თუ წყალმა ვარდისფერი მიიღო, სავარაუდოა რომ საზამთრო შეფერილია საღებავით. თუ მთლიან საზამთროს ჩავუშვებთ წყალში, მწიფე ნაყოფი არ უნდა ჩაიძიროს,  მხოლოდ ნახევრამდე უნდა დაიფაროს წყლით.

საზამთროს შენახვის პირობები

სწორად შენახვისას საზამთრო დიდხანს ინახება.  შესანახად უნდა შევარჩიოთ გრილი და ბნელი ადგილი, ტემპერატურა + 5◦c. ამ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა მისი შენახვის ვადას შეამცირებს. საზამთროს არ უყვარს მაგარი ადგილი. შესანახად დავალაგოთ ნაყოფი რბილ ადგილზე, მაგალითად თივაზე, ყუნწით ზემოთ. უფრო უკეთესი იქნება, ჩავალაგოთ ბადეში და ჩამოვკიდოთ. შენახვამდე კარგად უნდა გავაშროთ იგი.

შესანახად განკუთვნილი საზამთრო საგულდაგულოდ უნდა იქნეს გადარჩეული. მასზე არ უნდა იყოს დაზიანებები და უკეთესია საშუალო ზომისა და პატარა ყვითელი ლაქიანი ნაყოფი. გაჭრილი საზამთრო მალფუჭებადია იგი  მხოლოდ მაცივარში ინახება.