Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხურმა - ხურმა სუბტროპიკული ხილის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მას „ნარინჯისფერ მზეს“, „გულის ვაშლს“-საც ეძახიან. მისი ლათინური სახელწოდება diospyros kaki ნიშნავს ღმერთების საკვებს. ალბათ იმ გაგებით, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის მისი სარგებლობა მეტად დიდია. ყველაზე სასარგებლო ხილის რეიტინგში ლიდერობს ხურმა.

ზამთრის პერიოდში მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. ნაყოფი ბაზარზე გვიან შემოდგომით გამოჩნდება ხოლმე. თუმცა მისი მოკრეფა პირველ ყინვებამდე გრძელდება. ხურმას აქვს განსაკუთრებული თვისება დაკრეფის შემდეგ დამწიფებისა (მკვახე ხილი უკეთესად იტანს ტრანსპორტირებას) ასეთი ხილი რომ დამწიფდეს, მას აწყობენ ბანანთან ერთად მუყაოს ყუთებში.ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყოფი მისთვის დამახასიათებელ ნარინჯისფერს იღებს. ის სამკურნალო თვისება რაც გააჩნია ხურმას, გამოვლინდება მისი სრული სიმწიფისას. შეძენისას გავითვალისწინოთ, რომ სიმწიფის მაჩვენებელია ნაყოფის სირბილე. დაუშვებელია იგი იყოს დაზიანებული. კანზე არსებული ყავისფერი ხაზები კი, მიგვანიშნებს მის გადამწიფებაზე. საერთოდ ხურმის კანი უნდა იყოს ძალიან თხელი, პრიალა და გამჭვირვალე. ყუნწი უნდა ჰქონდეს ხმელი. ხურმის ნაყოფს სხვადასხვა ფორმა აქვს: კონუსური, ცილინდრული, მრგვალი, ბრტყელი. მისი მრგვალი ფორმები უფრო ტკბილი და გემრიელია. საყურადღებოა ნაყოფი იყოს კარგი ნარინჯისფერი და არა ღია ნარინჯისფერი.

არსებობს ხურმის ორი ჯიში. ერთი მათგანი მახრჩობელა თვისებას მხოლოდ კარგად დამწიფებულ მდგომარეობაში კარგავს, ხოლო მის მეორე ჯიშს ეს თვისება არ ახასიათებს. თუ გვინდა რომ ხურმა მალე დამწიფდეს, იგი ქაღალდის პაკეტში მოვათავსოთ ისეთ ხილთან ერთად, რომლებიც ეთილენს (აირი, გაზი) გამოყოფენ.

ასეთი ხილია, მაგალითად ვაშლი, ბანანი. თუ გვინდა რომ ხურმა მალე დამწიფდეს, იგი მოვათავსოთ დღე-ღამის განმავლობაში 40◦c თბილ წყალში. ასევე შეგვიძლია ნაყოფს დავასხათ 10% -იანი კირის წყალხსნარი და რამოდენიმე დღეში იგი დამწიფდება.

ასეთივე ეფექტს მოახდენს ხურმის მოთავსება საყინულეში რამოდენიმე დღით. მაცივარში ხურმა ორი-სამი თვე ინახება. მისი შენახვის ოპტიმალური პირობებია: 0-1◦c და 90% ტენიანობა. თუ ხურმას სარდაფში ვინახავთ, იგი კარგად უნდა ნიავდებოდეს და ყუთებში მხოლოდ ორ წყებად არის რეკომენდირებული მისი ჩალაგება. ფენებს შორის გამოვიყენოთ ბურბუშელა ან მსგავსი შესაფუთი მასალა. პირველ ფენაში ნაყოფი ყუნწით დაბლა თავსდება, ხოლო მეორე ფენაში ყუნწით ზემოთ.

ხურმისგან მზადდება ძალიან სასარგებლო და გემრიელი ჩირი. თუ გაყინულია ხურმა, მისი გადნობა რეკომენდირებულია ცივ წყალში. ნივთიერება, რომელიც მკვახე ხურმას მახრჩობელა თვისებას ანიჭებს არის, ტანინი. მისი არსებობა ამ ხილს იცავს მავნე მიკროორგანიზმებისა და პარაზიტი მწერებისაგან.

ხურმის ხე 10 მეტრამდე სიმაღლის იზრდება და ცოცხლობს ნახევარ საუკუნამდე. ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, გაითვალისწინეთ, ეს ხილი მეტად კალორიულია და არ არის რეკომენდირებული მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც.