Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ინდაურის ხორცი - ინდაური ამერიკული წარმოშობის ფრინველია. აცტეკებს მოშინაურებული მხოლოდ იგი ჰყავდათ. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება.

ინდაურის ხორცს ბევრი ღირსება გააჩნია: იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ისევე როგორც ბოცვერის ხორცი, ინდაურის ხორციც დიეტურ პროდუქტს მიეკუთვნება. იგი კარგად ბალანსირებული ცხოველური წარმოშობისაა. ამ ხორცის შეძენისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ გარეგნულად იგი ზომიერად ხორციანად გამოიყურებოდეს. მისი ზედაპირი, ღია ფერის უნდა იყოს, გლუვი და არა ლორწოვანი, არ უნდა აღენიშნებოდეს კანქვეშა სისხლჩაქცევები. თვალები არ უნდა იყოს ჩაცვენილი, ხოლო რქოვანა და ნისკარტი უნდა ჰქონდეს პრიალა.

აღსანიშნავია, რომ ინდაურის ხორცის შეფერილობა მის ჯიშსა და ნივთიერება მიოგლობინზეა დამოკიდებული. ყველაზე ხარისხიან ხორცს აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. უფრო გემრიელია ახალგაზრდა ინდაურის ხორცი. 16 კვირის ინდაურის ჭუკი შეიძლება 9-10 კილოგრამს იწონიდეს, ხოლო მისი ზრდასრული ინდივიდის წონა, 35 კილოგრამსაც აღწევს. ახალგაზრდა ფრინველს ბიბილო ღია, ხოლო ფეხები გლუვი ნაცრისფერი აქვს.

თუ გაყინულ ინდაურს ყიდულობთ, შეამოწმეთ შეფუთვის ჰერმეტულობა. ნედლი ინდაურის ხორცი მაცივარში მაქსიმუმ ორი დღე ინახება. მაცივარში შენახვამდე, ხორცი კარგად გავამშრალოთ, შევახვიოთ ფოლგაში და ისე მოვათავსოთ კამერაში. ოპტიმალური ტემპერატურაა - 0-20c, ტენიანობა კი 80-85%. ამ სახით იგი ერთი კვირა შეინახება. გაყინული ინდაურის ხორცის შენახვის ვადა 18 თვეა.