Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ღორის ხორცი - იმისათვის რომ ღორის ხორცმა გაამართლოს თავისი მაღალი ხარისხი, შეეცადეთ აარჩიოთ, არც მუქი და არც ძალიან ღია ფერის ხორცი. მისი მუქი შეფერილობა მიგვანიშნებს ცხოველის ასაკზე, ასეთი ტიპის ხორცს კი გემო არა აქვს და ძალზედ უხეშია. ზედმეტად ღია ფერის პროდუქტი, მასში ჰორმონალური პრეპარატების არსებობის მაჩვენებელია. ამ ტიპის პრეპარატებს გამოიყენებენ ცხოველების გამოსაკვებად, რომელიც ძალზედ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აირჩიეთ ზომიერად ღია ფერის მოვარდისფრო, მკვრივი კონსისტენციის ხორცი. ახალგაზრდა ცხოველის ცხიმი თეთრი ფერისაა და რბილია. ყველაზე უფრო ნაზი და გემრიელი ხორცი გოჭს აქვს. საყურადღებოა შევამოწმოთ ღორის ხორცის კანი, თუ ამის საშუალება გვაქვს. იგი უნდა იყოს თანაბარი, თეთრი, ყოველგვარი ლაქების გარეშე. რაც შეეხება ძვლებს, იგი მაგარი და თეთრია, ხოლო გოჭის ძვლები მოვარდისფრო შეფერილობისაა. მაცივარში ღორის ხორცი მოათავსეთ ყველაზე უფრო ცივ ადგილზე. მისი ჰერმეტულად შეფუთვა არარეკომენდირებულია. საკმარისია იგი მოთავსდეს თავდახურულ ჭურჭელში. ასეთ პირობებში, იგი ერთი კვირის განმავლობაში შეინახება. გაყინულ მდგომარეობაში კი, ექვსი თვე. შებოლვა ღორის ხორცის შენახვის ერთ-ერთი მეთოდია. ამისათვის გამოიყენება ღორის ტან-ხორცის ორი ძირითადი ნაწილი: ბეკონი(კიდურების, გულმკერდისა და ძვლების გარდა) და ძვლიანი ხორცი(ფეხები, თეძო და ბარკალი) შეგვიძლია შებოლილი ხორცის შენახვის ვადის გახანგრძლივება გაყინვითაც, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ხორცი მომწარო გემოს იღებს.

შეუმოწმებელი ღორის ხორცის ყიდვა ძალიან სარისკოა. არსებობს რიგი დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად, ტრიქინელოზი, ექინოკოკი და სხვა... ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. რიგ შემთხვევაში, კარგი თერმული დამუშავებაც კი ვერ გვიხსნის ამ საფრთხისაგან. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მოვითხოვოთ სავაჭრო ობიექტში, ექიმი ვეტერინარის მიერ გაცემული საბუთი.